top of page
Search

ჩვენი შვეიცარიული თავგადასავალი ცერნში

Giorgi Benashvili

შვეიცარიაში ვიზიტზე ალბათ ყველას უოცნებია. წარმოუდგენელია ვინმეს არ აინტერესებდეს ულამაზესი ალპებითა და ქათქათა ტბებით გარშემორტყმული, ადამიანის მიერ დედამიწაზე შექმნილი იდეალური სახელმწიფო. როცა ადამიანს პირველად შვეიცარიას უხსენებ, პირველი ასოციაცია სიმდიდრე, სიმშვიდე და უმაღლესი სტანდარტია.


სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით რომ ამ ქვეყანამ რეალურად შექმნა თანამედროვე სამყაროში ადამიანის ცხოვრების უმაღლესი სტანდარტი, ხოლო ამ სტანდარტმა შექმნა როლექსი, იუბისი, შვეიცარიული მატარებლები და შოკოლადი, რომელიც ყოველთვის დახვეწილობასთან და უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება.


მოკლედ შვეიცარია ხომ საოცნებოა, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობს ადგილები სადაც მოხვედრა კიდევ უფრო საოცნებოა. ერთ-ერთი ასეთია ცერნი (CERN) - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი.



საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე გაშენებული სამეცნიერო ორგანიზაცია 438 000 კვადატრულ მეტრ ფართობზე არსებულ 690 შენობას, ათეულობით დიდ და მცირე ექსპერიმენტს და რაც მთავარია მსოფლიოში ყველაზე დიდ ადრონულ კოლაიდერს (LHC) აერთიანებს.


მახსოვს როცა პირველად ცერნში მოვხვდი, მეგონა პატარა დამოიკიდებულ ქვეყანაში ვიყავი, რომელსაც მეცნიერება აერთიანებდა. მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ რეალობაშიც ასე ყოფილა. აქ ყველას შეხვდებით, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ათასობით მეცნიერსა და  მკვლევარს, გასხვავებული ისტორიითა და გამოცდილებით, თუმცა მარტივად მიხვდებით რომ ყველას აერთიანებს ფიზიკისადმი სიყვარული და სამყაროს შეცნობისკენ უდიდესი მისწრაფება.


ცერნში პირველად მოხვედრისას, არასდროს დამავიწყდება ჩემი სინანული როცა თავის დროზე სათანადოდ არ დავინტერესდი ფიზიკით. მართალია, ფიზიკას კარგად ვსწავლობდი, თუმცა ჩემი და ფიზიკის ურთიერთობიდან საბოლოოს დიდი არაფერი გამოვიდა. ზოგჯერ ვხუმრობ, სკოლაში ნასწავლი ფიზიკიდან მხოლოდ სიმძიმის ძალა მახსოვს მეთქი, არადა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი.


ახლა ჩემი ფიზიკა გვიანია, თუმცა მიხარია რომ შესაძლებლობა მომეცა ახალი თაობას მივცე მცირეოდენი ბიძგი რომ ამ მიმართულებით ინტერესები გაიღრმავონ და უფრო მეტად დაინტერესდნენ მეცნიერებით. ცნობილი და სასახელო ფიზიკოსები საქართველოს უკვე ჰყავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მომავალში ახალი დიდი აღმოჩენების ქვეშ, საქართველოს დროშა და სახელი კიდევ გამოჩნდეს. მჯერა რომ ჩვენნაირ ქვეყანას ეს ძალიან, ძალიან სჭირდება. ამიტომაც დავიწყე ცერნში ახალგაზრდებისთვის სასწავლო ვიზიტების ორგანიზება.


ამჯერად ჩვენი შვეიცარიული მოგზაურობა ჟენევაში, ცერნის CMS დეტექტორზე ვიზიტით დაიწყო. დეტექტორი შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ერთ პატარა ფრანგულ სოფელში მდებარეობს, მიწის ქვეშ, -90 მეტრის სიღრმეზე.


ჩვენი პროექტის მონაწილეები CMS დეტექტორთან

დეტექტორის მიზანია ზემოთხსენებულ ადრონულ კოლაიდერში აჩქარებული ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახებების დაკვირვება. ეს საკმაოდ რუტინული და რთული პროცესია, რადგან დაკვირვების თითოეულ პერიოდში ათი ათასობით შეჯახება ხდება, რა დროსაც ნაწილაკები მეცნიერთათვის საინტერესო თვისებებსა და ეფექტებს ამჟღავნებენ. დეტექტორზე ვიზიტისას ჩვენს ჯგუფს კანზასის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა - ქეთი ქააძემ უმასპინძლა. იგი საკუთარ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ცერნი, სწორედ CMS ექსპერიმენტში ახორციელებს და ცდილობს ჰიგსის ბოზონის შესახებ სამეცნიერო სიახლეები იკვლიოს. ამ თემატიკაზე სპეციალურად ჩვენთვის,  მან საინტერესო ლექციაც გამართა.



ლექცია ჰიგსის აღმოჩენის შესახებ

უმაღლესი ფიზიკასა და სამყაროს ნაწილაკებზე დაკვირვებისთვის ცერნში კიდევ ერთი, ატლასის (ATLAS) ექსპერიმენტი არსებობს. ატლასი დიდ ადრონულ კოლაიდერში ყველაზე ელემენტარული ნაწილაკებზე - ტოპ კვარკებზე დაკვირვებას მეორე მსხვილი დეტექტორით ახორციელებს.

 

CERN Map

ჩვენი პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ატლასის ექსპერიმენტიც მოენახულებინათ. სადაც მათ კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი - პროფესორი ირაკლი მინაშვილი დახვდა. იგი ცერნში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელია და ცერნში მიმდინარე ატლასის ექსპერიმენტში მონაწილეობს. ატლასზე ჩვენი ახალგაზრდები კიდევ ერთი ქართველ ფიზიკოსს, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს გივი სეხნიაზეც შეხვდნენ.


შეხვედრა ატლასის ქართველ მეცნიერებთან

ატლასზე სტუმრობისას ახალგაზრდები ცერნში მიმდინარე კვლევებისა და ელემენტარულ ნაწილაკებზე დაკვირვების შედეგების შესახებ მოისმინეს, ლაბორატორიები დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 
ჟენევა, შვეიცარია 🇨🇭

ჩვენი შვეიცარიული მოგზაურობა ცერნში არ დასრულებულა. ახალგაზრდებმა ულამაზესი ჟენევაც დაათვალიერეს. ასევე ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტსა იქ არსებულ სამეცნიერო ლაბორატორიებს ესტუმრნენ.

 

ჩვენი შვეიცარიული მოგზაურობის კადრები თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ აქვე ნახოთ. ❤️



Comentários


bottom of page