როგორ უნდა შეარჩიოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები მოზარდებისთვის?

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, გაცვლითი პროექტები, სასწავლო ვიზიტები, საზაფხულო სკოლები და ზოგადად არაფორმალური განათლება მოზარდების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა.
მსგავს პროექტებში აქტიური ჩართულობა დღეს არა პრესტიჟს ან სხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას, არამედ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, კოგნიტური განვითარებას და პროფესიულ ორიენტაციას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი ადრეული ასაკიდან მოზარდის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.
საერთაშორისო გარემოსთან პირველი შეხება, უცხო ენაზე კომუნიკაცია და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების პირველი შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდების ცნობიერებაზე, პროფესიულ გზაზე და მოტივაციაზე დაუვიწყარ კვალს ტოვებს.
ამის ნათელი მაგალითი პირადად მეც მაქვს. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემს პირველ გასვლას საზღვარგარეთ, 2014 წელს, 20 წლის ასაკში. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელში იმართებოდა. სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად შევუერთდი პროექტს, სადაც ასევე მონაწილეობდნენ ჩვენი თანატოლი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა რომ მაშინ ინგლისური თითქმის არ მესმოდა და კომუნიკაციაც ძალიან მიჭირდა, დღემდე ვთვლი რომ იმ ერთმა კვირამ ჩემი ცნობიერება, განვითარების გზა და ხედვები მთლიანად შეცვალა.
სხვათაშორის, სწორედ იმ დროს გამიჩნდა იდეა რომ შემექმნა ისეთი პლატფორმა რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემდა ჩემი ისტორიის მსგავსად, თავადაც გამოეცადათ მსგავსი პროექტები, ახალი შესაძლებლობები და მათ განვითარებაზეც ისეთივე კვალი დაეტოვებინა ამ გამოცდილებას რასაც იმ მომენტში მე ვიღებდი. მაშინ ეს იდეა უბრალო ოცნება იყო, თუმცა როცა წლების შემდეგ ჩემს აკადემიურ თუ საგანმანათლებლო კარიერას ვაფასებ, თამამად შემიძლია ვთქვა რომ 12 წლის წინ ერთ კვირიანი “თრიფი” ევროპაში ჩემთვის “game changer” აღმოჩნდა.
თუმცა, მე ვფიქრობ საერთაშორისო გამოცდილების მიღება, მსოფლმხედველობის განვითარება და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 2014 წელს.
როგორც ეკონომისტსა და გლობალური სამეწარმეო ეკოსისტემების მკვლევარს ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს — ჩვენ კაცობრიობის ტექნოლოგიური რევოლუციის ახალ, მე-6 ტალღის მომსწრენი ვართ. თუმცა, განსხვავებით ტექნოლოგიური განვითარების წინა ეტაპებისგან, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღეს როგორც მოცემულობას ისე ვიყენებთ, თუმცა დღეს ჩვენ ამ ახალი ტალღის რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI), მასობრივ დიჯიტალიზაციას და მწვანე ტექნოლოგიებს უკავშირდება, პირდაპირი მონაწილეები ვართ. რაც ერთი მხრივ ჩვენს ცხოვრებას ძალიან საინტერესოს ხდის, მეორე მხრივ კი გამოწვევებით და ბუნდოვანებით სავსეს, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით რას შეცვლის ის ჩვენთვის, ჩვენი საქმიანობისთვის, ცხოვრების სტილისთვის და ქცევებისთვის. მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ მომავალი ბუნდოვანია.
პრობლემა ის არის, რომ განათლების სისტემა არ ასწავლის სისტემურად აზროვნებას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მოზარდის მშობელი რომელსაც სურს რომ ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე ახალგაზრდებმა სათანადოდ შეძლონ არსებული გამოწვევების გააზრება, შესაბამისი კოგნიტური უნარების და ცნობიერების განვითარება?
სწორედ აქ ჩნდება არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების საჭიროება. უფრო მეტიც, იმ ფონზე როცა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა მშობლებისა და ახალგაზრდისთვის უფრო მეტ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას ქმნის, ვიდრე თანამედროვე რეალობაში ახალგაზრდების გაძლიერების უკეთეს შესაძლებლობებს — არაფორმალური განათლების პროექტებს უფრო მეტი როლი ენიჭება მოზარდების ჩამოყალიბებასა და ხარისხიანი განათლების მიღებისთვის.
სოციალურ ქსელებში ბევრი ასეთი პროექტი შეგხვდებათ. გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები და საერთაშორისო ვიზიტები — ალბათ თითო ჩამოსქროლვისას ერთი მაინც შეგხვდებათ, თუ მეტი არა.
ცხადია ეს ძალიან კარგია. როგორც უკვე ჩემივე გამოცდილების საფუძველზე ვთქვი, ადრეულ ასაკში მიღებული საერთაშორისო შთაბეჭდილებები, ხშირად ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ხდება ახალგაზრდისთვის, ამიტომ რაც მეტ მოზარდს ექნება ამის შესაძლებლობა, ეს უფრო მეტ bright mind-ს მოქალაქეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.
თუმცა, ამ სფეროში მუშაობის 8 წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა რომ ფერადი და მარკეტინგულად კარგად შეფუთული კომერციული სარეკლამო კამპანიების მიღმა რაც მშობლებს ხშირად მცდარ წარმოდგენებს უქმნის, სინამდვილეში სხვა რეალობაა, რის გამოც მოლოდინები და მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად ცდება ერთმანეთს. ეს კი ფრუსტრაციასთან ერთად, სამწუხაროდ დაკარგულ დროს და ფულს ნიშნავს.
პირველი მცდარი წარმოდგენა: მონაწილეობა = ცოდნის მიღებას
ყველაზე გავრცელებული მითი რაც საერთაშორისო არაფორმალური განათლების პროექტებზე გამიგია, ის არის რომ ნებისმიერი მსგავსი პროექტში მონაწილეობის მიღების შემეცნებითი იქნება.
რეალობა განსხვავებულია. მხოლოდ მონაწილეობა არ ნიშნავს თქვენი შვილი იმ დროისა და ფინანსების შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას იღებს, რაც თქვენ გაიღეთ.
შემეცნება და მიღებული ცოდნა თავისთავად არ მოდის მოგზაურობიდან, ფერადი ფოტოებიდან, ტრენდულ ქალაქებში ან ინსტიტუციებში Check-in-ებით, არამედ ის დამოკიდებულია პროექტის აკადემიურ პროგრამაზე, მოზარდებზე გათვლილი კონტენტის ინტერპრეტაციაზე და ორგანიზაცეულ დეტალებზე.
ინსტიტუციები, შენობები და ლოკაციები თავისით არ აზიარებენ ცოდნას, თუ არ მოხდება კონტექსტის, გამოცდილების და უკუკავშირის სინქრონიზაცია.
მაგალითად, პარლამენტში ვიზიტი თავისთავად არ ხსნის როგორ მუშაობს მართვის სისტემა, ტური უნივერსიტეტში ვერ ახსნის აკადემიურ ეკოსისტემას, ვერც სელფი რომელიმე კომპანიის ლოგოსთან ვერ გადმოსცემს როგორ მუშაობს ინოვაციური სისტემა.
მოკლედ, სათანადო ინტერპრეტაციის გარეშე, მოზარდები ნახულობენ, მაგრამ ვერ შეიმეცნებენ. ისინი იმახსოვრებენ რა ნახეს, თუმცა არ რჩებათ მისი შინაარსი.
ამიტომ მშობლებმა ნაცვლად კითხვისა — “სად მიდიხართ ამ პროექტით”, უნდა იკითხონ — “როგორ არის პროგრამა ინტელექტუალურად შედგენილი”?
ინტერპრეტაციისთვის საჭიროა ექსპერტიზა. არა მხოლოდ წვდომა.
წვდომა შეგიძლია იყიდო.
ინტელექტუალური ინტერპრეტაცია კი უნდა გამოიმუშავო.
სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა რომელიც მშობლებმა უნდა დასვან სანამ საკუთარ შვილს რომელიმე პროექტში დაარეგისტრირებენ — ვინ ქმნის და მართავს პროგრამას? ეს უბრალოდ ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობაა თუ აკადემიური და შემეცნებითი სასწავლო ვიზიტი? რას მოიცავს პროგრამა და რა ღირებულება შეიძლება მიიღოს თქვენმა შვილმა აქედან?
ფასი vs ღირებულება
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისას კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ფასის და ღირებულების ერთმანეთთან გაიგივება.
ფასი არის თანხა, რომელსაც მშობელი იხდის.
ღირებულება არის ის გრძელვადიანი ეფექტი, რომელსაც მოზარდი იღებს.
როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უმეტესად ფასი და ღირებულება საერთაშორისო პროექტების შემთხვევაშიც განსხვავებულია.
ეკონომიკაში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნება — ალტერნატიული ღირებულება (opportunity cost). ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გულისხმობს სხვა შესაძლებლობების უარყოფას. ანუ როდესაც მშობელი არჩევს კონკრეტულ პროგრამას, ის გარდა იმისა რომ ფულს იხდის, ასევე ის თმობს სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობას, სხვა პროექტში მონაწილეობას და ა.შ
ამიტომ კითხვა არ უნდა იყოს მხოლოდ:
“რა ღირს ეს პროგრამა?”
არამედ, კითხვა უნდა იყოს:
“რა ღირებულებას ქმნის ეს პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში?”
ღირებულება შეიძლება გამოიხატოს:
სისტემური აზროვნების განვითარებაში, პროფესიული ორიენტაციის სიცხადეში, ინტელექტუალური ინტერესის გაღრმავებაში, მაღალი ხარისხის აკადემიური პორტფოლიოს შექმნაში.
მოკლედ, თუ საერთაშორისო პროგრამა ქმნის მხოლოდ მოკლევადიან შთაბეჭდილებას და ფოტოსურათებს, მაგრამ არ ტოვებს კოგნიტურ ცვლილებას, მაშინ მასში გადახდილი ფასი შეიძლება მაღალი იყოს, თუმცა ღირებულება დაბალი.
ხოლო პირიქით — თუ პროგრამის ინტელექტუალური ღირებულება მის ფასზე ბევრად მაღალია, ეს ზუსტად ისაა რაც არ უნდა გამოტოვოთ. :)
როგორ ამოიცნოს მშობელმა სერიოზული საერთაშორისო პროგრამა ბოლო პერიოდში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგი ტენდენციაა, თუმცა მეორე მხრივ მშობლებისთვის არჩევანის გაკეთებას უფრო ართულებს. ამიტომ სანამ რომელიმე პროგრამაში თქვენი შვილის რეგისტრაციას გადაწყვეტთ, სასურველია რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დასვათ.
- რა არის პროგრამის საგანმანათლებლო მიზანი?
სერიოზულ პროგრამას ყოველთვის აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე: რა უნდა მიიღოს მოზარდმა პროექტში მიღებული გამოცდილების შედეგად? თუ პასუხი მხოლოდ ლოკაციებსა და ვიზიტებს ეხება, ეს უფრო მოგზაურობაა, ვიდრე საგანმანათლებლო პროგრამა.
- როგორ არის პროგრამა ინტელექტუალურად აგებული?
პროგრამის ხარისხი ხშირად აქტივობების რაოდენობით ან დასახელებით არ განისაზღვრება. მთავარია:
რა კონტექსტში ხდება თითოეული ვიზიტი რა განმარტება და ანალიზი ახლავს მას როგორ უკავშირდება ერთი აქტივობა მეორეს თუ პროგრამა უბრალოდ აქტივობების სიაა და აკლია ზემოთჩამოთვლილი ელემენტები, ის ნაკლებად ქმნის ინტელექტუალურ ღირებულებას.
- ვინ დგას პროგრამის უკან?
ვინ ქმნის პროგრამას და ვინ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე?
ეს უბრალოდ ტურისტული მოგზაურობის ორგანიზებაა, თუ არსებობს გუნდი, რომელიც აკადემიურად ფიქრობს პროგრამის შინაარსზე?
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში ყოველთვის უნდა არსებობდეს ინტელექტუალური პასუხისმგებლობა.
- რას მიიღებს მოზარდი გრძელვადიან პერიოდში?
სერიოზული პროგრამის შეფასება არ ხდება მხოლოდ იმით, რამდენად საინტერესო იყო მოგზაურობა. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა არის:
რა დარჩება ამ გამოცდილებიდან რამდენიმე თვის შემდეგ?
შეიცვლება თუ არა მოზარდის ხედვა?
გახდება თუ არა უფრო ცნობისმოყვარე?
რა მოხდება მის ცნობიერებაში?
სერიოზული პროგრამა არ იზომება შთაბეჭდილებით. ის იზომება კოგნიტური ცვლილებით.
რომ შევაჯამოთ… საერთაშორისო გამოცდილება შეიძლება გახდეს მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
თუმცა განსხვავება უბრალო მოგზაურობასა და რეალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას შორის ძალიან დიდია.
პირველი ქმნის შთაბეჭდილებას.
მეორე ქმნის გააზრებას.
პირველი მთავრდება ფოტოებით.
მეორე იწყებს ინტელექტუალურ გზას.
ამიტომ როდესაც თქვენი შვილისთვის საერთაშორისო პროგრამას არჩევთ, ნუ იკითხავთ მხოლოდ:
“სად მიდის?”
იკითხეთ:
“რას გაიგებს?”
სწორედ ეს კითხვა განსაზღვრავს საბოლოოდ, იქნება ეს გამოცდილება უბრალოდ მოგზაურობა თუ რეალური განათლება.