TechExpedition — ქართული კვალი სილიკონ ველზე

ჩემმა მეგობრებმა და ნაცნობებმა იციან რომ როგორც ეკონომისტი და ბავშვობიდან ტექ. ენთუზიასტი, დიდი ხანია ვოცნებობდი სილიკონ ველზე მოხვედრაზე.
ბევრმა ისიც იცის რომ რამდენიმე თვის წინ, გასული წლის შემოდგომაზე ეს ოცნება ამიხდა და პირველად მოვხვდი მზიან კალიფორნიაში. მახსოვს მაშინ იმდენად დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი რომ ჩემი მოგზაურობის შესახებ ბლოგიც დავწერე. იმ ბლოგზე ამაზე არ დამიწერია, თუმცა სან ფრანცისკოში ჩემი ვიზიტი ინსპირაცია გამოდგა კიდევ ერთი ახალი იდეისთვის, რომელიც სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა. დღევანდელი ბლოგიც სწორედ ამ იდეას, მის ჩამოყალიბებას და განხორციელებას ეძღვნება.
როცა სან ფრანცისკოში პირველად მოვხვდი, სურვილი გამიჩნდა რომ გამეკეთებინა ისეთი პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს მისცემდა შესაძლებლობას არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჰაბში მოხვედრილიყვნენ, არამედ თავად გამოეცადათ ის რისიც მეც მჯერა – თავისუფლებაზე, მერიტოკრატიაზე, ინოვაციებზე და კონკურენციაზე დაფუძნებული სამყარო.
სილიკონ ველზე სასწავლო ვიზიტის განხორციელების იდეა ძალიან თამამი იყო, ანუ როგორც აქ, სილიკონ ველზე, ამერიკელები ამბობენ ძალიან Bold იყო. თამამი იყო ჩემთვისაც კი, მიუხედავად ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული მსგავსი ტიპის არაფორმალური განათლების პროგრამებით, სასწავლო და შემეცნებითი ვიზიტებით დახუნძლული პორტფოლიოსი, რომელიც ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად 2017 წლიდან დამიგროვდა.
ზოგადად, ცხოვრებამ მასწავლა რომ სამყაროში ყველაფერი ძალიან დიდი და მაგარი თავიდან რთული, საშიში და მიუღწეველი ჩანს. და პირიქით, ყველაფერი რაც პატარაა და მარტივია, ის უმეტესად ადვილია ხოლმე. სწორედ ამ ინსპირაციით და მოლოდინით რომ რაღაც ძალიან დიდს და კარგს ვაკეთებდი გადაწყვიტე რომ ეს იდეა უნდა განმეხორციელებინა.
ასე გაჩნდა TechExpedition. . .
თავიდან, მართლა რთულად წარმომედგინა სრულიად ახალი პროგრამის შექმნა, პროექტის გამოცხადება და მონაწილეთა შერჩევა, სავიზო პროცედურები, ლოგისტიკური საკითხების მოგვარება ა.შ, თან სად? პლანეტის მეორე მხარეს, -11 საათიან დროში. მაგრამ თავდაპირველმა ინსპირაციამ და რწმენამ რომ TechExpedition ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდ დადებით სიახლეებს მოიტანდა, ყველა ეს ეტაპი მარტივად გაგვავლევინა. ვნერვიულობდი თუ არა რამეზე? ალბათ, მხოლოდ ერთ რამეზე — TechExpedition-ს ის მოლოდინები გაემართლებინა რასაც იმ ბავშვების თვალებში ვხედავდი ვინც ამ პროექტის პირველი კოჰორტის შესარჩევ ეტაპზე მხვდებოდა.
ასე მოვიდა სან ფრანცისკოს რეისზე ჩემი და 12 ქართველი ახალგაზრდის ჩასხდომის დროც.
12 საათიანი ფრენის შემდეგ, სან ფრანცისკოში საღამოს 7 საათზე ჩავედით. ეს ზუსტად ის დრო იყო როცა მზე ჩასასვლელად ემზადებოდა და მუქად შეყვითლულ — შეწითლებული ცა იდეალურ გარემოს ქმნიდა კალიფორნიაში, ამერიკაში პირველი შთაბეჭდილებების მისაღებად. ჩემთვის აქაურობა უცნობი აღარ იყო, თუმცა არ დამავიწყდება ჩვენი ბავშვების პირველი ემოციები როცა აეროპორტიდან გამოსულები ტაქსს ველოდებოდით. მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ ფრენის დროს არ დავღლილვართ, საქართველოდან გამოფრენის შემდეგ, მთლიანმა მგზავრობამ თითქმის 25 საათი გასტანა, რამაც 11 საათიანი ცვლილებასთან ერთად ე.წ jetlag გამოიწვია, ამიტომ სასტუმროში დაბინავების შემდეგ მალევე ყველას დაეძინა.
როცა TechExpedition-ის პროგრამის შექმნაზე ვმუშაობდი, დიდხანს არ მიფიქრია იმაზე თუ საიდან უნდა დაგვეწყო ჩვენი პროგრამა. ზუსტად ვიცოდი რომ ეს ის ადგილი უნდა ყოფილიყო სადაც დაიბადა სილიკონ ველი. ამიტომ დილითვე პალო ალტოსკენ ავიღეთ გეზი.
ჩვენი პროგრამა ოფიციალურად სტენფორდის უნივერსიტეტიდან დაიწყო. როგორც ვთქვი, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან სტენფორდი სილიკონ ველის გულია — ადგილი, სადაც არაერთი ცნობილი კომპანია ჩამოყალიბდა, რომელმაც მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების დინამიკა შეცვალა და დღემდე სამართლიანად ინარჩუნებს როგორც ახალი ცოდნის შექმნაში მოწინავე ადგილს, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიური თუ სამეწარმეო ტალანტების მოზიდვის მთავარი ჰაბის სტატუსს.
კომპანიები და მათი პროდუქტები, რომელთა შექმნაც სტენფორდს უკავშირდება შთამბეჭდავია. ბევრი მათგანის პროდუქტების გარეშე, დღევანდელი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება უკვე წარმოუდგენელიცაა. Google, Instagram, Snapchat, WhatsApp, Nvidia, HP, Cisco, OpenAI — ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ან სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე, ან სტენფორდის ალუმნებისა თუ პროფესორების მიერ შეიქმნა. სხვათაშორის, ერთ-ერთი პირველი კომპანია რომელიც სტენფორდში (წელი) შეიქმნა ლეგენდარული HP იყო. Hewlett and Packard სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და მათ HP სწორედ უნივერსიტეტთან ახლოს, პალო ალტოში, ერთ-ერთი სახლის გარაჟში შექმნეს. სწორედ ამ გარაჟს, HP-ს და პალო ალტოს უკავშირდება სილიკონ ველის დაბადებაც.
სტენფორდის უნივერსიტეტში ჩვენი პროექტის მონაწილეებმა თავიდანვე იგრძნეს ის ვაიბი, რამაც ამ ადგილს არაერთი მულტიმილიარდიანი, თუ უკვე ტრილიონიანი კომპანიის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი უდიდეს სივრცეზე გადაჭიმული კამპუსი და სტენფორდის საზოგადოების გამოცდილება გამოდგა, რომელსაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გავეცანით და ჩვენი პროექტის ზოგიერთი მონაწილისთვის იმდენად ინსპირაციული გამოდგა რომ სწავლის აქ გაგრძელებაზე სერიოზულად დააფიქრეს.
ჩვენი პროგრამის მეორე დღე უკვე ბერკლის კამპუსზე დაიწყო. სადაც ჩვენი დელეგაციის წევრები University of California-ში ჩაბარების შესაძლებლობებს გაეცნენ სააპლიკაციო განაცხადების მომზადების ინსტრუქციებიც მიიღეს.
ბერკლიდან სან ფრანცისკოს გულში — Union Square-ზე ნაშუადღევს დავბრუნდით, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ქალაქის შემეცნებითი ტური ელოდათ.
სან ფრანცისკოს შემეცნებითმა ტური TechExpedition თანდათან გაახურა. ახალგაზრდებისთვის ქალაქის ისტორია, განვითარება და მისი დღევანდელი სახით ტრანსფორმაციის ამბავი ძალიან ინსპირაციული გამოდგა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. ოქროს მაძიებელთა ისტორიამ, რომელმაც საუკუნის წინ ამ ქალაქის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი ბევრი დააფიქრა იმ ახალ შესაძლებლობებზე რომელსაც სან ფრანცისკო და ზოგადად ყურის სივრცე (Bay Area) დღესაც სთავაზობს გამბედავ და visioner ადამიანებს, იმ განსხვავებით რომ დღევანდელ ოქროდ AI და ნახევრადგამტარები (semiconductors) გვევლინებიან, ხოლო ოქროს მაძიებლებად კი tech savvy ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც სწორედ აქედან, დანარჩენი მსოფლიოსთვის ქმნიან ტექნოლოგიურ რევოლუციას.
პროექტის მესამე დღეს, დილიდანვე Mountain View-ისკენ ავიღეთ გეზი. სან ფრანცისკოდან 50 წუთის სავალზე, ეს პატარა ქალაქი მსოფლიო რუკაზე იმითაა ცნობილი რომ აქ მდებარეობს გუგლის ეკოსისტემა. აქ ასევე მდებარეობს სილიკონ ველის ტექნოლოგიური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი — Computer History Museum.
ჩვენმა გიდმა რომელიც პენსიაში გასული Youtube-ის ყოფილი product owner აღმოჩნდა, სულ სხვანაირი რაკურსით დაგვანახა კომპიუტერული ტექნოლოგიის კონცეფცია და მისი ტრანსფორმაცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე. თუმცა ჩემთვის როგორც Apple-ის ფანისთვის, ყველაზე ამაღელვებელი სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის მიერ შექმნილი Apple-ის პირველი კომპიუტერი და ლეპტოპი აღმოჩნდა. CHM-დან ჩვენი გუნდი სანტა კლარაში გაემგზავრა, რომელიც Bay Area-ს და სილიკონ ველის ეკოსისტემის ნაწილია. აქ მდებარეობს კომპანია Intel-ის სათავო ოფისი. სანტა კლარაში ჩასვლისთანავე, სწორედ აქეთკენ ავიღეთ გეზი.
კომპანია ინტელი რომელიც 1968 წელს დაარსდა, მალევე მიკროკოპროცესორების წარმოების სფეროს პიონერი გახდა. კომპანიის სახელს არაერთი წარმატებული პროდუქტი და გამოგონება უკავშირდება. პირადად მე, ინტელის შესახებ 2009 წელს გავიგე, ჩემს პირველ ლეპტოპზე მიკრული სტიკერისგან, რომელიც იუწყებოდა რომ კომპიუტერი ინტელის პროცესორზე მუშაობდა. წლების განმავლობაში ინტელი იყო ეფლის მაკბუქების მთავარი პროცესორიც.
ინტელში ჩვენი დელეგაცია კომპანიის განვითარების ისტორიას, მიკროპროცესორების ევოლუციას და წარმოების დეტალებს გაეცნენ. ჩვენი პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ნახევარგამტარების წარმოების პროცესი გამოდგა, რომელიც ერთი შეხედვით ქირურგიულ ოპერაციას ან სერიოზული ქიმიური ცდის პროცესს ჰგავს — ყოველშემთხვევაში ამ საქმით დაკავებული ადამიანების ეკიპირება თურმე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
საინტერესო და სახალისო გამოდგა ვორქშოპი, რომელიც ინტელში სპეციალურად ჩვენი დელეგაციისთვის დაიგეგმა. ვორქშოპი შინაარსი გუნდურ მუშაობას და შედეგების სხვებისთვის ახსნას ითვალისწინებდა. როცა ახალგაზრდებს დავალება მიეცათ რომ აეწყოთ დანაწევრებული ფერადი კუბიკი (რუბიკის კუბიკის მსგავსი ფიგურა), ვერავინ მივხვდით რა კავშირი ჰქონდა ამ კუბიკს ჩიპებთან და პროცესორებთან, თუმცა როცა ბავშვებმა დავალება შეასრულეს და კუბიკი ააწყვეს, მათ მეორე დავალება მიიღეს, რაც უფრო რთული, მაგრამ სახალისო გამოდგა — მათ უნდა შეექმნათ tutorial სხვებისთვის, თუ როგორ უნდა აეწყოთ კუბიკი ისე როგორც მათ ეს გააკეთეს. თუმცა ახალგაზრდებს ამ დავალების შესრულებაც არ გაუჭირდათ და სხვადასხვა კრეატიული ფორმით, მალევე შეძლეს ასეთი tutorial-ების შექმნა.
პროექტის მეხუთე დღე TechExpedition-ის დელეგაციისთვის NASA-ს კოსმოსურ ცენტრში დაიწყო, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამა უკვე მის კულმინაციას მიუახლოვდა.
ნასას ახალგაზრდები პროექტის დაწყებიდან მოუთმენლად ელოდნენ. ოკლენდში, სადაც ცენტრი მდებარეობს დილიდანვე გავემგზავრეთ. სფეის ცენტრში ვიზიტი ნასას ბოლო აღმოჩენების გაცნობით დაიწყო და ტელესკოპებით დაკვირვებებით გაგრძელდა. მახსოვს შარშან როცა ამ ცენტრში მეც ვიყავი, შთაბეჭდილებების ქვეშ დიდხანს დავრჩი. მაშინ ტელესკოპში გალაქტიკის ერთ-ერთი ვარსკვლავიდან 34 წლის წინ წამოსულ ნათებას ვაკვირდებოდი, ხოლო ახლა ტელესკოპების ობიექტივში ვენერა მოექცა.
ტელესკოპებიდან დაკვირვების შემდეგ, სპეციალურად ჩვენთვის ნასაში ვორქშოპი ჩატარდა. ჩვენს ახალგაზრდებს დავალება მიეცათ რომ სხვადასხვა აქსესუარებით აეწყოთ ქარის ტურბინი, რომელიც მინიმუმ 1 ვატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებდა. ბავშვებმა დავალებას თავი მარტივად გაართვეს. მეტიც მინიმალურ მოთხოვნას მნიშვნელოვნად გადააჭარბეს და მათ მიერ შექმნილმა მოწყობილობებმა ორჯერ მეტი ენერგია გამოიმუშავეს.
ნასადაც ჩვენმა დელეგაციამ კვლავ ბერკლიში გადაინაცვლა, სადაც სილიკონ ველის ქართველ ანტერპრენერებს და ტექ. სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით. ქართველებთან შეხვედრა და სილიკონ ველზე მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა და ინტერაქციული. სილიკონ ველზე არსებული ქართული გამოცდილება უსაზღვრო შრომას, მოტივაციას, თავდაჯერებას და რაც მთავარია, როგორც ამერიკელები ამბობენ Thinking outside the box ხასიათს უკავშირდება. სხვათაშორის, სილიკონ ველის გაცნობასთან და entrepreneurial mindset-ის ჩამოყალიბებასთან ერთად, სწორედ ამ თვისებების რეალიზებას ეხებოდა TechExpedition-ის მიზნები.
შემეცნებითი და დატვირთული პროგრამის შემდეგ, TechExpedition მონაწილეებმა სან ფრანცისკოს ცნობილ ქუჩებში და წყნარი ოკეანის სანაპიროზეც გაატარეს თავისუფალი დრო.
ფოტოზე Painted Ladies — სან ფრანცისკოს ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი სახლებია, რომელიც გამორჩეულია კლასიკური არქიტექტურის ელემენტებით, მაღალი ფანჯრებითა და მოჩუქურთმებული ორნამენტებით. ეს ადგილი არაერთი ამერიკული ფილმისა და სერიალის კადრებიდანაა ცნობილი.
ამასობაში TechExpedition დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი შთამბეჭდავი ამერიკული მოგზაურობა სილიკონ ველზე, სან ფრანცისკოში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურ ადგილას დაგვირგვინდა. Golden Gate Bridge, რომელიც ინჟინერულ საოცრებასთან ერთად, სრულიად სამართლიანად ითვლება მიზანდასახულობის, ხედვის და შესაძლებლობების რწმენის სიმბოლოდ, ჩვენთვისაც ახალი შთაგონებების და გაბედული ოცნებების შთაგონებად იქცა.
7 დღე, 7 ქალაქი და დაუვიწყარი ამერიკული გამოცდილება ქართველი ახალგაზრდებისთვის სილიკონ ველზე — ეს იყო TechExpedition, ჩვენი პირველი პროგრამა აშშ-ში. პირველად საქართველოში არაფორმალური განათლების პროგრამების ისტორიაში, 12 ქართველი ახალგაზრდა პირველად უკვე მოხვდა სილიკონ ველზე, სან ფრანცისკოში და 1 კვირიანი თავბრუდამხვევი ამერიკული თავგადასავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნნენ, ახალი მიზნებით და ამერიკული გამოცდილებით.
როცა ამ პროექტს ვგეგმავდი რა თქმა უნდა მჯეროდა რომ გამოვიდოდა, თუმცა არ ვიცოდი როგორი გამოვიდოდა. 😄 ახლა როცა უკვე ეს პროგრამა დასრულდა და თბილისისკენ რეისს ველოდები, ბედნიერი ვარ რომ ის იმაზე ბევრად კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდი. ❤️
აქვე მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავთ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიმართ, ამ პროექტის და ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის. ❤️🇬🇪🇺🇸
მომავლის რწმენა, განათლება და მიზანდასახული თაობა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ამიტომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ!